სტიქია სამეგრელოში

სამეგრელოში ქარის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და კომპენსაციებისთვის 3 740 000 გამოიყო

წალენჯიხის მერია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, 5-6 თებერვალს სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემისა და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში 3 740 000 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 

"ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპლიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო.

დაზიანებული სახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას  ზარალის დამთვლელი კომისიების დასკვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტებმა წარუდგინეს. მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებს დაზარალებულ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტები ჩაურიცხავენ.

ძლიერი ქარი სამეგრელოში 5-6 თებერვალს დაფიქსირდა, რამაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში კერძო სახლების სახურავების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაც რისი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა კომპენსაციებისა, მთავრობის განკარგულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 3 059 000 ლარი გამოიყო" - წერია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები