ავთანდილი

პროფკავშირები: სასამართლომ AVTANDIL-ის მიერ კონსულტანტის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

პროფკავშირების ცნობით, სასამართლომ მაღაზია AVTANDIL-ის მიერ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შპს ავთანდილ ცქვიტინიძეს კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა დაეკისრა.

პროფკავშირების ცნობით, კონსულტანტი მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა. თუმცა, მათივე განცხადებით, სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ უკმაყოფილოები გოგონას ჩაცმულობით იყვნენ და მასთან თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი სწორედ ეს იყო. 

AVTANDIL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ მგალობლიშვილმა კი პუბლიკასთან საუბარში თქვა, რომ კონსულტანტის გათავისუფლების მიზეზი უდისციპლინობა იყო. თუმცა, მგალობლიშვილმა არ უარყო, რომ სასამართლოზე გოგონას ჩაცმულობის შესახებაც ისაუბრეს.

"კი, [ჩაცმულობასთან დაკავშირებით], ითქვა ეგ ფრაზა, რომ მისი სიშიშვლე ჩვენს კომპანიას არ შეესაბამებეოდა, მაგრამ ჩაცმულობა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. ჩვენი კონსულტანტები ჩაცმულობაში აბსოლუტურად თავისუფალი არიან. ჩვენს მაღაზიაში თუ ყოფილხართ, მიხვდებით. ჩვენ ფორმები და რაღაცები არ გვაქვს, კონსულტანტებს თავისუფალი ჩაცმის სტილი აქვთ, მაგრამ სასამართლოზე ითქვა, რომ ეს თავისუფლება სიშიშვლეს არ ნიშნავს.

სექტემბრის ბოლოს ის გააფრთხილეს, რომ სამსახური 2 თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა და 1-ლი დეკემბრიდან გათავისუფლდებოდა. ამის შემდეგ კი მან 2 თვე არ იარა სამსახურში […] გათავისუფლების მიზეზი იყო მისი უდისციპლინობა, ბევრი გაცდენა. ასევე, ის თანამშრომლებთან მიმართებაში კონფლიქტური იყო და თვითონ მაღაზიის თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს სათავოს პრეროგატივა არ არის. გარდა ამისა, რაღაცნაირად ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და დილის ცვლა როცა იყო, მოდიოდა და სამსახურში ეძინა, რის გამოც მის მაგივრად შრომა ყოველთვის სხვებს უწევდათ. მაღაზიის მენეჯერმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ შეგვითანხმა". - თქვა მგალობლიშვილმა პუბლიკასთან ინტერვიუში.

პროფკავშირების ცნობით, დასაქმებულმა სამსახურში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს და აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. პროფკავშირებში ამბობენ, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, გოგონამ სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ „მისთვის აღნიშნული ქცევა მიუღებელი იყო“ და სამსახურში ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

პროფკავშირების ინფორმაციით, კონსულტანტი ამბობს, რომ მისი შრომითი უფლებები არა მხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო.

"გარდა იმისა, რომ დასაქმებულისთვის ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, გოგონა ჰყვება, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს". - წერია პროფკავშირების განცხადებაში.

AVTANDIL-ის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ მგალობლიშვილი პუბლიკასთან ასევე ამბობს, რომ კონსულტანტი სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დაგვაკისრა და ამ კომპენსაციას მას ჩვენითაც ვთავაზობდით[…]. ზოგადად, თუ ასე გააგრძელებენ, გავასაჩივრებთ კიდეც და რეპუტაციის შელახვისთვის პროფკავშირების წინააღმდეგ სარჩელსაც შევიტანთ". - ამბობს მგალობლიშვილი.

 

კომენტარები