აშშ

ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-ში არალეგალურად 7.3 მილიონი მიგრანტი შევიდა

აშშ-ში ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის პრეზიდენტად არჩევიდან დღემდე ამერიკის სამხრეთ საზღვარი 7.3 მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა, რაც აშშ-ში ცალკე აღებული 36 შტატის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება.

აღნიშნული ინფორმაციას აშშ-ს სასაზღვრო და საბაჟო დაცვის სააგენტო ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ფისკალურ წელიწადში საზღვარი უკვე 961 537-მა მიგრანტმა გადალახა. რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ტემპის გაგრძელების შემთხვევაში 2024 წელს აშშ-ში რეკორდული 2 475 669 მიგრანტი შევა.

მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ბაიდენის პრეზიდენტობის დაწყებიდან აშშ-ს სამხრეთ საზღვარი ჯამში 7 298 486-მა მიგრანტმა გადაკვეთა, რაც აშშ-ში მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი შტატის, კალიფორნიის მოსახლეობის 18.7%-ს შეადგენს.

აშშ-ს სენატში უკვე რამდენიმე თვეა, რაც აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის საკითხი ამერიკაში გადაუწყვეტელია. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა. თუმცა, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხები ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. მას შემდეგ, უკრაინისადმი დახმარების საკითხი ჩიხში რჩება, ხოლო ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო.

აშშ-ს სენატს სურს, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარება, ასევე ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად დაფინანსება, ერთიანად მიიღოს. თუმცა, მაიკ ჯონსონის თქმით, სენატის კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერა არ ექნება, ვინაიდან იგი საკმარისი არ არის აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

რესპუბლიკელი სენატორები კვლავ რჩებიან აზრზე, რომ სანამ საზღვრის კონტროლის პოლიტიკა არ გამკაცრდება, მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც მოკავშირე ქვეყნების დახმარებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიტიკა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ხოლო აშშ-ს კონგრესში საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტების ჩავარდნის ფონზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საპრეზიდენტო განკარგულების მიღებას განიხილავს.

კომენტარები