ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-მ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრა, 20 თებერვალი, 2024
REUTERS/Mike Segar

დღეს, 20 თებერვალს, აშშ-მ ვეტო დაადო ჰამას-ისრაელის ომზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში მყისიერად ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას ითხოვდა.

ალჟირის მიერ წარდგენილ ტექსტს მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ეს 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ მესამე შემთხვევაა, როცა აშშ-მ ჰამას-ისრაელის ომზე გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო.

მანამდე, გაეროში აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა შაბათს მიანიშნა, რომ აშშ ხსენებულ რეზოლუციას ვეტოს დაადებდა, რადგან მისი თქმით, ეს რეზოლუცია აშშ-ს, ეგვიპტეს, ისრაელსა და კატარს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს კითხვის ქვეშ დააყენებდა. აღნიშნული ქვეყნები ღაზის სექტორში ომის დროებით შეჩერებასა და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში მყოფი მძევლების გამოშვებაზე მართავენ მოლაპარაკებებს.

"ამ დროისთვის [უშიშროების] საბჭოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეხმარებოდეს, და არა ხელს უშლიდეს მგრძნობიარე, და მიმდინარე მოლაპარაკებებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა წარდგენილ რეზოლუციას, მართლაც, ნეგატიური გავლენა ექნება ამ მოლაპარაკებებზე". - თქვა თომას-გრინფილდმა კენჭისყრამდე.

მისი თქმით, "ჰამასისთვის მძევლების გამოშვების დავალდებულების გარეშე მყისიერად და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა შენარჩუნებად მშვიდობას არ მოიტანს. სანაცვლოდ, ეს ჰამასსა და ისრაელს შორის ბრძოლას გაახანგრძლივებს".

ალჟირის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ჰამასის მხრიდან მძევლების გამოშვებასთან არ აკავშირებდა, არამედ მყისიერად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გამოშვებას ცალ-ცალკე ითხოვდა.

კომენტარები