რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი უკრაინის მიერ ავდიივკიდან ჯარების გაყვანას აშშ-ს 'კონგრესის უმოქმედობას' აბრალებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელშიც ავდიივკის დასახლებიდან უკრაინის ჯარების გამოსვლა უკრაინის დახმარებაში "კონგრესის უმოქმედობას" დააბრალა.

"დღეს დილით უკრაინის ჯარი იძულებული გახდა, ავდიივკიდან გამოსულიყო მას შემდეგ, რაც კონგრესის უმოქმედობის შედეგად შემცირებული მარაგების გამო ჯარისკაცებს საბრძოლო მასალების გამოზოგვა დასჭირდათ, რამაც თვეების განმავლობაში რუსეთის პირველი საგულისხმო წინსვლა გამოიწვია". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც ბაიდენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსია განხილული.

თეთრი სახლის თქმით, ბაიდენმა კონგრესის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად კანონპროექტის მყისიერი მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი რათა უკრაინის ძალების მარაგები დროულად შეივსოს.

ამასთანავე, თეთრი სახლის მიხედვით, ბაიდენმა განმეორებით დაადასტურა, რომ აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი ორმხრივი მხარდაჭერა არსებობს.

მოგვიანებით რეპორტიორებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის მიერ "ასეთი მამაცური და გმირული" ბრძოლის შემდეგ მათთვის აშშ-ს მხრიდან დამატებითი დახმარების არ მიწოდება "არაეთიკურია".

"იდეა, რომ ახლა მათ საბრძოლო მასალები ეწურებათ და ჩვენ მივატოვებთ - აბსურდული მგონია. ვფიქრობ, რომ არაეთიკურია. ვთვლი, რომ იმ ყველაფრის საწინააღმდეგოა, რასაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, წარმოვადგენთ". - თქვა ბაიდენმა.

ამას გარდა, ბაიდენის თქმით, იგი არაა დარწმუნებული, რომ სხვა უკრაინული ქალაქებიც ავდიივკის ბედს არ გაიზიარებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დასახლება ავდიივკიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღების შესახებ 17 თებერვალს განაცხადა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ავდიივკაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ინტენსიური იერიშები მიჰქონდა და დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ. ფრონტის ამ მონაკვეთზე სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა გასულ დღეებში, თებერვლის შუა რიცხვებში. არსებობდა შიში, რომ ქალაქში ძალების გამაგრება ბახმუტის ალყის ბრძოლის მსგავს სცენარს გამოიწვევდა.


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები