აშშ

კონგრესმა აშშ-ს "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საშიშროების" შესახებ განაცხადა

მაიკ ტერნერი
Bill Clark/CQ-Roll Call, Inc/Getty Images

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, რომ გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას" ეხება. ტერნიერის თქმით, ამის მიზანი ისაა, რომ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ღიად იმსჯელონ, თუ როგორ უპასუხებენ ამ საფრთხეს. 

მანამდე ტერნერმა კონგრესის ყველა წევრს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ მისმა კომიტეტმა გაასაიდუმლოვა ინფორმაცია უცხო ქვეყნის "მადესტაბილიზებელ სამხედრო შესაძლებლობებზე". ტერნერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სახელმწიფოს გულისხმობდა უცხო ქვეყანაში. 

CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა რუსეთთან იყოს დაკავშირებული. CNN-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ეს არის "ძალიან სენსიტიური" ინფორმაცია. ამასთან, ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამ საფრთხის შესახებ სულ ახლახანს გახდა ცნობილი და იგი უკვე დიდ შეშფოთებას იწვევს. 

სხვადასხვა დასავლური მედია ასევე წერს, რომ კონგრესმენები ნამდვილად შეშფოთებულნი არიან მიღებული ინფორმაციით, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს პოტენციური საფრთხე შესაძლოა იყოს უფრო გრძელვადიანი, ვიდრე მყისიერი. 

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ტერნერის გზავნილის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა კონგრესის კომიტეტების ხელმძღვანელებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ხუთშაბათს, 15 თებერვალს იგეგმება. მას არ დაუდასტურებია და არც უარუყვია ამ ტიპის საფრთხის არსებობა. 

კომენტარები