რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სირსკი: გადავედით თავდაცვით ოპერაციებზე, მიზანია მტრის გამოფიტვა

ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ ფრონტზე რთული სიტუაციაა და უკრაინა დროებით თავდაცვით ოპერაციებზე გადადის.

ამის შესახებ სირსკიმ ისაუბრა გერმანულ მედია ZDF-თან.

"შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციებზე გადავედით. ჩვენი ოპერაციების მიზანია მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება". - თქვა სირსკიმ.

ახალი მთავარსარდლის თქმით, განსაკუთრებით დაძაბული შეტაკებები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსეთის ძალებს, მისი თქმით, მიზნად დასახული აქვთ დასახლების აღება ნებისმიერ ფასად. როგორც სირსკი ამბობს, აქ შეტაკებები ყოველ დღე მიმდინარეობს. ამ მიმართულებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და რუსების დანაკარგები, განსაკუთრებით დახოცილები, უკრაინელების ზარალს 7-8-ჯერ აღემატება.

სირსკის თქმით, დრონების გარდა, უკრაინამ დაიწყო სახმელეთო რობოტიზებული დანადგარების გამოყენებაც.

კომენტარები