ცურვა

ვცურავ და ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ – 99 წლის ქალმა ერთ დღეში მსოფლიო რეკორდი 3-ჯერ დაამყარა

MASTER DUCKS SWIMMING/YOUTUBE

20 იანვარს 99 წლის კანადელმა მოცურავე ქალმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 100-დან 104 წლამდე ასაკის კატეგორიაში 400-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში არსებული რეკორდი ბეტი ბრიუსელმა თითქმის 4 წუთით გააუმჯობესა და მანძილი 12 წუთსა და 50 წამში დაფარა. მოგვიანებით, იმავე დღეს ბრიუსელმა ასევე დაამყარა მსოფლიო რეკორდი ბრასით და გულაღმა 50-50-მეტრიან დისტანციაზე ცურვაში. თითოეულისთვის კი მას 2 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ჯერ 100 წლის არ არის, იგი მაინც 100-104 ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა, რადგან სპორტის ამ სახეობაში ასაკობრივი კატეგორია დაბადების წლით დგინდება. 

"ძალიან მსიამოვნებს ცურვა. მიყვარს წყალში სრიალის შეგრძნება და ეს უბრალოდ ძალიან კარგად მაგრძნობინებს თავს". - თქვა ბრიუსელმა The Guardian-თან საუბრისას.

"არც კი ვფიქრობ რეკორდებზე. უბრალოდ ვცურავ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რაც შემიძლია. თუ ვიმარჯვებ, მიხარია, მაგრამ თუ დროს კარგად ვატარებ, უფრო ბედნიერი ვარ". - დაამატა მან. 

მწვრთნელის, სტენლი უილსონის თქმით, ბრიუსელი ყოველთვის გამოირჩევა "ამოუწურავი ენერგიით, რაც ხშირად კლუბის სხვა წევრებისთვის შთაგონების წყარო ხდება".

"რეალურად მე ცოტა მორცხვი ვარ, წყალი კი თავდაჯერებულობას მაძლევს. ახლაც მთელი ამ ყურადღების შეჩვევის პროცესში ვარ. მაგრამ ამ ყურადღებისა და რეკორდების პარალელურად, საკუთარი თავის მიმართ სიამაყის გრძნობა უფრო და უფრო მიჩნდება". - თქვა ბრიუსელმა. 

კომენტარები