რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინის ომზე: ადრე თუ გვიან, შეთანხმებას მაინც მივაღწევთ

ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგება და შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ მან ამერიკელი ჟურნალისტის, FOX News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. უკრაინაში ეს დაუსრულებელი მობილიზაცია, ისტერიკა, შიდა პრობლემები, ეს ყველაფერი... ადრე თუ გვიან, მაინც მივაღწევთ შეთანხმებას. და იცით რა? შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში უცნაურადაც ჟღერდეს, თუმცა: ერებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება". – თქვა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთს მოლაპარაკება სურს, თუმცა არ იციან ეს როგორ გააკეთონ. მისი მტკიცებით, მოსკოვი ამ პროცესზე უარს არ ამბობს. ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დაწყებას კვლავ დასავლეთს აბრალებს.

"იცით, ეს იმ მოლაპარაკებების საკითხია, რომელთა ჩვენთან წარმოება არავის სურს, უფრო სწორად, უნდათ, მაგრამ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. ვიცი, რომ უნდათ, მე ამას არა მხოლოდ ვხედავ, არამედ ვიცი, რომ უნდათ, მაგრამ ვერანაირად გაუგიათ, როგორ გააკეთონ ეს. დაფიქრდნენ და აქამდე მიიყვანეს სიტუაცია. აქამდე ჩვენ არ მოგვიყვანია, არამედ ჩვენმა "პარტნიორებმა", ოპონენტებმა მოიყვანეს. კეთილი, დაე ახლა დაფიქრდნენ, როგორ შეაბრუნონ ეს ყველაფერი სხვა მიმართულებით. ჩვენ უარი ხომ არ გვითქვამს". – უპასუხა პუტინმა კარლსონის შეკითხვას, არის თუ არა მზად NATO-ს უთხრას, რომ "გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ, მოდი სიტუაცია შევინარჩუნოთ იმ სახით, რაც ახლა გვაქვს".

როგორც პუტინი ირწმუნება, მას სურს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოლაპარაკებების გზით გადაჭრას. 

"სწორია. ჩვენ ხომ ამას მივაღწიეთ, სტამბოლში შევქმენით დიდი დოკუმენტი, რომლის რატიფიცირებაც უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა მოახდინა. იქ მისი ხელმოწერაა ამ ხელშეკრულების ნაწილზე, მთლიანად არა, მხოლოდ ნაწილზე. მან დატოვა ხელმოწერა, შემდეგ კი თქვა: "მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა და ომი დიდი ხნის, წლინახევრის წინ დასრულდებოდა. მაგრამ მოვიდა ბატონი ჯონსონი, გადაგვაფიქრებინა ეს და ეს შანსი ხელიდან გავუშვით". გაუშვით და შეცდომა დაუშვით - დაე დაუბრუნდნენ ამას, ესაა და ეს. ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ და გავასწოროთ სხვისი შეცდომები?" – უპასუხა პუტინმა კარლსონის შეკითხვას, სურს თუ არა მას, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოლაპარაკებების გზით დაასრულოს.

ტაკერ კარლსონის ინტერვიუს აქტიურად არეკლამებდნენ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული არხები და მედიასააგენტოები.

კომენტარები