ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი: გვესმის, დღეს საქართველოში გაჭირვება პრობლემაა, არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა

გიორგი ვაშაძის კითხვა არ არის ახალი, ერთი და იგივე გამოსვლას ვისმენთ ხოლმე გიორგი ვაშაძისგან. წლების განმავლობაში ტექსტი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არ იცვლება არცერთი სიტყვა, საერთოდ არ ეხება სტატისტიკას, რადგან არ არის არცერთ სტატისტიკურ მონაცემზე დამყარებული. ეს არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა. გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და ბევრ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაშიც გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს. ამიტომ პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერია ემოციებით თამაში, რომ მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაიცალა, შაჰ-აბასის შემდეგ ეს პირველად მოხდა და მსგავსი რაღაცები. ქალბატონმა ნინო წილოსანმაც ძალიან მკაფიოდ უპასუხა, როგორი იყო სიტუაცია წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მოსახლეობა მართლაც გარბოდა გამოუვალი წნეხიდან. დღეს როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციაზე, მიგრაცია არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის გამოწვევაა და გვინდა, დინამიკა შევცვალოთ პოზიტიურისკენ, მაგრამ ადამიანები მიდიან ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ უცხოეთში მოგზაურობა, ლეგალურად გადაადგილება, სავიზო ბარიერების გარეშე და ა.შ. 

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. 

კომენტარები