მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: სააკაშვილის პალატაში ვიდეო-სამეთვალყურეო საშუალებების გამოყენება კანონიერია

რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშზე

მისი თქმით, ვიდეო-კამერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პალატაშია განთავსებული და CPT-ის ანგარიშში მოხვდა, მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ემსახურება. 

"ვიდეო-სამეთვალყურეო საშუალებების ოფიციალური გამოყენება, რომლის შესახებაც ინფორმირებული არის მსჯავრდებული, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და აქ არ არსებობს არცერთი პრობლემა". - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ისეთ საკითხებს, როგორებიც იყო "სააკაშვილის მოწამვლის შესახებ სპეკულაცია, ლოგინიდან გადმოვარდნის კადრების გავრცელება და მსჯავრდებულის ექიმების მიერ წინდების საშუალებით პაციენტის ნიმუშების გატანა", სახელმწიფო პახუხს ვერ გასცემდა ვიდეო მასალის გარეშე.


ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობას განიხილავს.

ანგარიშის მიხედვით, სააკაშვილის პალატაში CCTV კამერების განთავსებით მისი პირადი სივრცე დაირღვა და მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც CPT წერს, კამერები განთავსებულია სააკაშვილის პალატის ყველა ოთახში, გარდა აბაზანისა და საპირფარეშოსი, მათ შორის საძინებელ ოთახშიც.

"ამ განლაგებამ არამხოლოდ დაარღვია პაციენტის პირადულობა, არამედ ასევე შეურაცხყოფა მიაყენა მის ადამიანურ ღირსებას". - წერია ანგარიშში.

კომენტარები