საქართველო-რუსეთი

2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დაარეგისტრირეს – მედია

Forbes-ის რუსულენოვანი სამსახური კომპანია Финион-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს საქართველო ლიდერი იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი დაიწყეს.

გამოცემის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 13 ათასი იურიდიული პირი დაარეგისტრირეს.

აქამდე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსებმა ქვეყანაში 16 ათასი ინდმეწარმე დაარეგისტრირეს. შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 7 788 იყო.

იმავე სიაში მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს კი სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ. ამ ქვეყნებში რუსებმა 3 400 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. 3000 კომპანია შექმნეს რუსეთის მოქალაქეებმა სერბეთში.

"საქართველოში კომპანიების ასეთ მასობრივ გახსნას რამდენიმე მიზეზი აქვს: წმინდა სტატისტიკური მიზეზების, ანუ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიურად შედინების გარდა, ამას ხელს უწყობს ბიზნესის დარეგისტრირების ხელსაყრელი პირობები და საგადასახადო სისტემა. ინდმეწარმეს შეუძლია გადაიხადოს მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია არ დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, სანამ 100 000-ლარიან ბრუნვას არ მიაღწევს. გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელორუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის, ბიზნესის საქმიანობისთვის". - თქვა Финион-ის დირექტორმა, ვიაჩესლავ კარტამიშევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა მცირდება. 2023 წელს საქართველოში 1 856 237-ჯერ შევიდნენ და ქვეყანა 1 887 223-ჯერ დატოვეს. სხვაობა თითქმის 31 ათასია.

კომენტარები