რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: თუ იარაღი გამოგველევა, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან სასწორზე ჩვენი არსებობაა

დმიტრო კულება
ABC News

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების გამოყოფისთვის დრო იწურება. მისი თქმით, უკრაინას იარაღი რომც გამოელიოს, ბრძოლას "ნიჩბებით გააგრძელებენ".

კულებამ ამის შესახებ ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე აზრით, უკრაინისთვის მეტი თანხის გამოყოფა NATO-ს დაეხმარება თავიდან აირიდოს ის პირდაპირი დაპირისპირება, რაც შესაძლოა რუსეთთან მოხდეს და რაშიც აშშ-ს ჯარებსაც მოუწევთ ჩართვა.

"რაც არ უნდა ჯდებოდეს უკრაინის მხარდაჭერა ახლა, თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების საფასური ბევრად უფრო დიდი იქნება... თუ დასავლეთს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთი უკრაინაში, მაშინ მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვიღას შეაჩერებს?". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

კულებას თქმით, იარაღის ამოწურვის შემთხვევაში ბრძოლას იმით გააგრძელებენ, რაც გააჩნიათ, რადგან, მისი აზრით, ამაზე უკრაინელი ერის არსებობაა დამოკიდებული.

"იარაღი რომც გამოგველიოს, ვიბრძოლებთ ნიჩბებით, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს". - თქვა უკრაინის საგარეო უწყების მეთაურმა.

ამას გარდა, კულებამ ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა განორიცხა მანამ, სანამ უკრაინა ბრძოლის ველზე უფრო მომგებიან პოზიციაში არ იქნება. მან ასევე თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა ომისგან გაკვეთილები ისწავლეს და მას უკეთესად აწარმოებენ, თუმცა აღნიშნა, რომ წელს რუსეთი "დიდ მარცხებს" შეეჩეხება.

6 დეკემბერს აშშ-ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავდა. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.

კომენტარები