რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ რუსეთის მიერ ჩრდ. კორეის რაკეტების გამოყენებას

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ჯერჯერობით არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც იგნატმა აღნიშნა, ბალისტიკური რაკეტებით იერიშის მიტანის ფაქტები ნამდვილად იყო, თუმცა, ვისი რაკეტები იყო, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გაირკვევა. 

"სპეციალისტები შეისწავლიან გარკვეულ ფრაგმენტებს და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, მოხდა თუ არა ასეთი ფაქტი. მე ჯერ არ შემიძლია ამის დადასტურება". - თქვა იგნატმა. 

4 იანვარს თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული რაკეტები მინიმუმ ორჯერ: 2023 წლის 30 დეკემბერს და 2024 წლის 2 იანვარს.

ამის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს დამატებით სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან რუსეთისთვის სამხედრო დახმარების, კერძოდ ბალისტიკური რაკეტების გადაცემის პროცესში.

კომენტარები