რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 1-ელ იანვარს უკრაინაზე თავდასასხმელად დრონების რეკორდული რაოდენობა გამოიყენა

2 იანვრის დარტყმის შედეგები
Українська правда

1-ელი იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელად შაჰედის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონების რეკორდული რაოდენობა გამოიყენა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს გამოიყენა 90 დრონი, რომელთაგან 87 ჩამოგდება შეძლეს. ამას გარდა, მათ გამოიყენეს ათეულობით რაკეტაც. ეს უკრაინაზე მიტანილი ერთ-ერთი უდიდესი იერიშია.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი ამბობს, რუსებმა გამოიყენეს 99 რაკეტა, რომელთაგან 72-ის ჩამოგდება შეძლეს. მისივე ინფორმაციით, ჩამოაგდეს კინჟალის ტიპის ათივე ჰიპერბგერითი რაკეტა.

ბოლო მონაცემებით, კიევსა და ხარკოვზე მიტანილი იერიშების მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

2 იანვარს, უკრაინაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, სამჯერ დაიბომბა რუსეთის ოლქი, ბელგოროდი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი. 

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბური იერიშები მიაქვს. თავდაპირველად, ბოლო პერიოდში უდიდესი დარტყმები 30 დეკემბრის გამთენიისას მიიტანა, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირე ხნის შემდეგ, უკრაინამ რუსეთს ბელგოროდზე საპასუხო დარტყმებით უპასუხა. რუსეთის ინფორმაციით, ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. როგორც უკრაინულ მედიასთან თავდაცვის წყაროები ამბობდნენ, ეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგი იყო. ბელგოროდზე იერიშს რუსეთის დარტყმები მოჰყვა ხარკოვსა და სხვა რეგიონებზე.

 

კომენტარები