ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე

აშშ-მ ოკეანის ფსკერზე საკუთარი პრეტენზია გააფართოვა, რუსეთი უკმაყოფილოა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული რუკა

აშშ-მ ოკეანის ფსკერზე პრეტენზია კალიფორნიაზე ორჯერ დიდი არეალით გააფართოვა, რითაც ვაშინგტონი ცდილობს უზრუნველყოს უფლებები იმ რესურსებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე, წყალქვეშაა.

გაფართოებული კონტინენტური შელფი, რომელზე ინფორმაციაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 დეკემბერს გამოაქვეყნა, დაახლოებით 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავს, განსაკუთრებით ჩრდილოყინულოვან ოკეანესა და ბერინგის ზღვაში, წყლებში, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და გარკვეულ მონაკვეთებზე პრეტენზიას რუსეთი და კანადაც გამოთქვამენ. ამას გარდა, გაფართოებული კონტინენტური შელფის საზღვრები დაწესდა ატლანტიკის, წყნარი ოკეანისა და მექსიკის ყურის წყალქვეშაც.

წითლად - აშშ-ს გაფართოებული კონტინენტური შელფი
ნაცრისფერი ხაზი - აშშ-ს საზღვაო საზღვრები

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ქვეყნებს აქვთ ეკონომიკური უფლებები კონტინენტური შელფების ზედაპირსა და მის ქვეშ, თუმცა არა მის ზემოთ მდებარე წყალში.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უზარმაზარი ტერიტორიაა. ეს არის აშშ-ს სუვერენიტეტი ზღვის ფსკერზე და იქნება ეს ფსკერზე მინერალური რესურსების მოპოვება, ნავთობისა და გაზის ლიზინგი, თუ კაბელების გაყვანა, ან ნებისმიერი სხვა რამ, აშშ საკუთარი გაფართოებული კონტინენტური შელფის საზღვარს აცხადებს და ამ გადაწყვეტილებებზე სუვერენიტეტი ექნება". – თქვა რებეკა პინკუსმა, ვაშინგტონში დაფუძნებული უილსონის ცენტრის პოლარული ინსტიტუტის დირექტორმა.

"[აშშ-ს სხვა ქვეყნების მსგავსად] აქვს თანდაყოლილი ინტერესი განუცხადოს სხვებს გაფართოებული კონტინენტური შელფის გაფართოების შესახებ და იმის შესახებ, თუ სად ენიჭება სუვერენული უფლებები". – დაამატა პინკუსმა Bloomberg-თან საუბარში. მისივე თქმით, საჭირო იქნება არეალის რუკის შედგენა და შესწავლა, რათა გაიგონ როგორი ეკოსისტემაა აქ და რა რესურსების მოპოვებაა შესაძლებელი.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სახის რესურსების მოპოვება იქნება შესაძლებელი ფსკერის ამ მონაკვეთიდან, თუმცა გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო მშინ, როცა კრიტიკული მინერალების მოპოვების გაზრდას ცდილობენ. მათ მსგავსი წიაღისეული სჭირდებათ ელექტრონული მანქანების ბატარეებისთვისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის, იმ ინდუსტრიებისთვის, რომლებიც პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხად არის მიჩნეული. 

აშშ-ს საზღვაო ომის კოლეჯის საერთაშორისო საზღვაო სამართლის პროფესორი, ჯეიმს კრასკა რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ კონტინენტური შელფი შეიცავს 50-მდე მყარ მინერალს, მათ შორის ლითიუმსა და ტელურს, ასევე 16 იშვიათ წიაღისეულს. მისი თქმით, შელფის გაფართოება უსვამს ხაზს აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესს, ჰქონდეს წვდომა სანაპიროსგან დაშორებით მოპოვებად მინერალებზე.

2008 წლის აშშ-ს გეოლოგიური კვლევის მიხედვით, არქტიკის რეგიონში განთავსებულია აღმოუჩენელი ნავთობის 90 მილიარდი ბარელი და ბუნებრივი აირის 47 ტრილიონი ლიტრი, ამას გარდა ტექნოლოგიისთვის მნიშვნელოვანი ლითონებიც. თუმცა, ეს ვარაუდი ძირითადად ეყრდნობა სახმელეთო კვლევებს და ფსკერზე არსებული პოტენციალი დიდწილად შეუსწავლელია.

აშშ-ს განცხადების მიხედვით, მთლიანი გაფართოებული კონტინენტური შელფის ნახევარზე მეტი, 520 400 კვადრატული კილომეტრი ალასკის ჩრდილოეთიდან ყინულოვან ოკეანემდე იჭიმება და ზოგიერთი მონაკვეთი ემთხვევა ზონას, რომელზეც პრეტენზიას კანადაც გამოთქვამს. კიდევ 176 300 კვადრატული კილომეტრი ბერინგის ზღვაშია, ალასკასა და რუსეთს შორის, თუმცა გაფართოებული კონტინენტური შელფის ეს მონაკვეთი მოქცეულია აშშ-ს საზღვაო საზღვრებში. რაც შეეხებ კანადას, რომელთანაც აშშ-ს საზღვაო საზღვრის შეთანხმება არქტიკის რეგიონში არ უდებს, ლიმიტების დაწესება დამოკიდებული იქნება "კანადასთან დელიმიტაციაზე", როგორც ეს სახელმწიფო დეპარტამენტის შეჯამებაშია ნათქვამი.

რა არის გაფართოებული კონტინენტური შელფი?

გაეროს ზღვის სამართლის 1982 წლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც აშშ-ს არ მოუხდენია, ზედამხედველობს ქვეყნების გარშემო საზღვაო ზონებს. ამ კანონის მიხედვით, ქვეყნებს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში აქვთ ნებისმიერი რესურსის მოპოვების უფლება ზღვაში თუ ზღვის ფსკერზე. ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა საზღვაო საზღვრიდან 370 კილომეტრამდე იჭიმება. 

ამას გარდა ქვეყნებს შეუძლიათ გამოთქვან პრეტენზია ეკონომიკურ უფლებებზე ზღვის ფსკერზე თუ მის ქვეშ მდებარე რესურსებთან მიმართებაში იქ, სადაც კონტინენტური მეჩეჩი განგრძობილია, სწორედ ეს არის გაფართოებული კონტინენტური შელფი. თუმცა აღსანიშნავია, რომ არ შეუძლიათ ფსკერსზემოთ არსებული წყლების ექსპლუატაცია. გაფართოებული კონტინენტური შელფის მაღლა მდებარე სივრცე საერთაშორისო წყლებად ითვლება. 

რუსეთი, დანია და კანადა არქტიკის რეგიონში ზღვის ფსკერზე პრეტენზიების დამთხვევის გამო გაეროს კონტინენტური შელფის ლიმიტირების კომისიისგან (CLCS) დასკვნას რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდნენ. პირველი დასკვნა, რომლის მიხედვითაც საჭიროა მეზობლებთან დელიმიტაციაზე შეთანხმება, რუსეთმა წელს მიიღო. CLCS-ი გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS) ფარგლებში დაფუძნებული ორგანოა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მომავალში საჭირო იქნება საზღვაო საზღვრების შეთანხმება კანადასთან, ბაჰამასთან და იაპონიასთან, სადაც მათი პრეტენზიები ერთმანეთს ემთხვევა. ამას გარდა, დაამატეს, რომ აშშ გაფართოებული კონტინენტური შელფის განსასაზღვრად იყენებს იგივე პრინციპებს, რასაც UNCLOS-ი, რომლის რატიფიცირებასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა.

რებეკა პინკუსის აზრით, გაფართოებული კონტინენტური შელფის გამოცხადება, UNCLOS-ის რატიფიცირების გარეშე სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა სახელმწიფოები UNCLOS-ის წევრები, კონტინენტური შელფის უფლება ყველა სანაპირო ქვეყნისთვის თანდაყოლილია, შესაბამისად, პრეტენზიის წამოყენება კონვენციის მიღმა მყოფებსაც შეუძლიათ. ამას გარდა, კონტინენტური შელფის არეალის დადგენა და გამოქვეყნება დამოკიდებულია უშუალოდ ქვეყნებზე და არა CLCS-ზე, თუნდაც მათ მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ.

რუსეთის რეაქცია

აშშ-ს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთში. რუსეთის სახელმწიფო დუმის არქტიკის საკითხების კომიტეტის მეთაურმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა გაფართოებულ კონტინენტურ შელფთან დაკავშირებით თქვა, რომ "არქტიკაში საზღვრების ცალმხრივად გაფართოება მიუღებელია და მხოლოდ დაძაბულობის გაზრდამდე მიგვიყვანს".

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმდჯდომარემ, გრიგორი კარასინმა კი თქვა, რომ არქტიკის რეგიონში "საკუთარი ნაციონალური ინტერესების დასაცავად" რუსეთი შესაბამისი ზომების მიღებას გააგრძელებს.

რაც შეეხება ფედერაციული საბჭოს ვიცე-სპიკერს, კონსტანტინ კოსაჩევს, ის ირწმუნება, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება არ ეფუძნება საერთაშორისო სამართალს და მსოფლიოს შეუძლია ეს საზღვრები არ აღიაროს.

კომენტარები