ცოფი

კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს - სეს

საილუსტრაციო ფოტო
shutterstock

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი". - წერია სეს-ის განცხადებაში. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან მდებარე გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ უთხრა, რომ ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

კომენტარები