უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ხეები

წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი გაძლიერდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.

"წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2 000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1 000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

სამინისტროს მითითებით, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში მოპოვებისა და იმპორტირების გზით არის შესაძლებელი. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციისას, რეალიზატორმა ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.

თუ წიწვოვანი მცენარე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეშია მოპოვებული, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის ადგილწარმოშობის ცნობაა საჭირო. აღნიშულ ცნობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

კომენტარები