კორუფციული დანაშაული

POG: 9 თვეში კორუფციული დანაშაულისთვის დევნა დაიწყო 99 პირზე, 10-ს მაღალი თანამდებობა ეკავა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 9 თვეში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ, აქედან 88 კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო დასაქმებული საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 10 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს - პროკურატურა მონაცემებს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს.

უწყების ცნობითვე, საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის 117 საქმეზე.

"2023 წლის 9 თვეში სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 78 პირის მიმართ.

2023 წლის 9 თვეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში გადმოიგზავნა 9 ანგარიში, რომელთა საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 5 საქმეზე, ხოლო 4 ანგარიში თემატურად დაერთო მანამდე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს, 2023 წლის 9 თვეში პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი დანაშაულის ჩადენის მომენტში მუშაობდა საჯარო სექტორში" - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები