რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთს ტყვეობაში 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს

დიმიტრი ლუბინეცი

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, რუსეთს ტყვეობაში 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე თავისუფლება თუ შიში ისაუბრა.

"მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემაა. ამჟამად დადასტურებულია, რომ უკრაინის 28 000 მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას –დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!". - თქვა ლუბინეცმა.

უკრაინის სახალხო დამცველის ცნობით, რუსეთის ტყვეობაში მყოფთა შორის 2 000 უკრაინის მოქალაქე 65 წელს გადაცილებულია. ამავდროულად, მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც 80-85 წლის ადამიანებს მხოლოდ პროუკრაინული განცხადებების გამო აპატიმრებდნენ. 

ამასთან, სამხედრო ტყვეებზე საუბრისას ლუბინეცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუს სამხედრო ტყვეებს ჟენევის კონვენცია იცავს, წითელი ჯვრის წარმომადგენლები კი მათ ბანაკში მუდმივად შედიან და ამოწმებენ პატიმრების პირობებს. მისივე თქმით, რუს სამხედრო ტყვეებს ნათესავებთან დარეკვა ყოველ კვირას შეუძლიათ.

"რა ბედი ეწევათ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს? ჩვენ არც კი ვიცით სად არიან, არც კი ვიცით მათი რაოდენობა." - თქვა ლუბინეცმა.

კომენტარები