აშშ

Apple-ის თქმით, მომხმარებელთა შეტყობინებებზე ინფორმაციას აშშ-ს მთავრობას უგზავნის

ფოტო: pymnts.com

ამერიკელი სენატორის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის მიწერილი წერილის ფონზე, Apple-მა დაადასტურა, რომ ე.წ. push notification-ების მეშვეობით აპლიკაციებში მომხმარებლების აქტივობას თვალყურს ადევნებს და მონაცემთა გამოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციას ფედერალურ მთავრობას უგზავნის. 

ე.წ. push notification-ებს მომხმარებელს აპლიკაციები უგზავნის, რათა რაიმე სიახლე შეატყობინოს. მაგალითად, ეს შეტყობინებები ჩნდება, როცა მომხმარებელს მეილი ან მესიჯი მისდის. სანამ ისინი მომხმარებლამდე მივა, შეტყობინებები Google-ისა და Apple-ის სერვერებში ფიქსირდება. სენატორის წერილის მიხედვით კი, ამ ინფორმაციაზე გარკვეული წვდომა აშშ-ს ფედერალური მთავრობასაც აქვს.

სენატორ რონ ვაიდენის წერილში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების სააგენტოები Apple-ისა და Google-ისგან ინფორმაციას ითხოვდნენ მომხმარებელთა ე.წ. push notification-ებზე. წერილის მიხედვით, ამის გამო ამერიკის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები Alphabet-ისგან (Google-ის მფლობელი კომპანია) და Apple-ისგან მონაცემებს ითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით, Apple-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სენატორის ცნობებს აღირებს. კომპანიის თქმით, ფედერალურმა მთავრობამ ინფორმაციის გასაჯაროება აუკრძალა, მაგრამ რადგან წერილის გამოქვეყნების შემდეგ ის საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, გამჭვირვალობის პოლიტიკას ცვლიან.

"ამ შემთხვევაში, ფედერალურმა მთავრობამ ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება აგვიკრძალა, მაგრამ რადგან ეს მეთოდი უკვე გასაჯაროვდა, ჩვენს გამჭვირვალობის ანგარიშს განვაახლებთ და მსგავს გამოთხოვნებს აღვრიცხავთ". – თქვა Apple-მა.

სენატორის წერილი იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, ტექნოლოგიური კომპანიებისგან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ მეტი გამჭვირვალობა დაიცვას და კომპანიებს ინფორმაციის გასაჯაროება არ აუკრძალოს.

კომენტარები