ნიკა მელია ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებს. ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა წევრმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ პრაქტიკულად ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას, იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის - უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე". - თქვა ნიკა მელიამ.
რამდენიმე საათის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ "საბოლოო გადაწყვეტილება" გამოაცხადა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მისი თქმით, ენმ-მ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის "ფლანგებს" შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.
დღეს, 7 დეკემბერს კასპის საკრებულოში ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. ამ დროისთვის ენმ-ს საკრებულოში 2 მანდატი რჩება. გავრცელდა ინფორმაცია კახეთის საკრებულოს წევრების მიერ ენმ-ს დატოვების შესახებაც.
გუშინ, 6 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა.
5 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.
4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ.
2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.
1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.