რუსეთი-ლატვია

საკუთარ ქვეყანაში ასეთივე ღორობას შეეჩეხებიან – პუტინი ლატვიას "რუსოფობიისთვის" ემუქრება

ვლადიმირ პუტინი კრემლში
Вячеслав Прокофьев, ТАСС

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ლატვიის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების გამკაცრების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყანას, ფაქტობრივად, საშინაო დესტაბილიზაციით დაემუქრა.

"არ მგონია, რომ სახლში ბედნიერება ეწვევა მათ, ვინც მსგავს პოლიტიკას ატარებს. არ ვიცი ახლა რამდენია, მაგრამ ლატვიაში, როგორც მახსოვს, მოსახლეობის 40% რუსულენოვანი იყო. ალბათ ახლაც არაა ცოტა. თუ ისინი გაატარებენ ასეთ პოლიტიკას იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ისურვებდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრებას, იქ მუშაობას, ამ ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის შექმნას და მათ ასე ღორულად მოექცევიან, მაშინ, საბოლოო ჯამში, საკუთარი ქვეყნის შიგნით ასეთივე ღორობას შეეჩეხებიან". – თქვა პუტინმა სხდომაზე, რომელიც "სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარებას" ეხებოდა.

აქამდე სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრემ ისაუბრა ლატვიის მიერ რუსეთის მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გატარებულ შეზღუდვებზე, რასაც "რუსოფობიას" უწოდებდნენ. 

ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის უფლების გახანგრძლივების გაგრძელებაზე საბუთები არ შეუტანიათ და ლატვიური ენის ტესტირებაზე არ დარეგისტრირებულან, 30 ნოემბრამდე ქვეყნის დატოვების ვადა ჰქონდათ. მსგავს პირებს დეპორტაცია ემუქრებათ.

კომენტარები