რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების გაშვებული 17 დრონიდან 10 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

5 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის 6 მართვადი რაკეტით შეუტია. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული 10 დრონის განადგურება შეძლო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

"რუსეთმა იერიში მიიტანა Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის სისტემის 6 საზენიტო მართვადი რაკეტით. საბრძოლო სამუშაოების შედეგად უკრაინის სხვადასხვა ოლქში გაანადგურა 10 უპილოტო საფრენი აპარატი". - აღნიშნავენ უკრაინის საჰაერო ძალებში. 

ამავე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტებით იერიში დონეცკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს. 

უკრაინული მხარის განმარტებით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური ჯგუფები.

გარდა ამისა, გასულ ღამით რუსეთის თავდაცვის სისტემებმა აზოვის ზღვისა და ყირიმის თავზე უკრაინის გაშვებული 22 დრონი გაანადგურეს, ხოლო დამატებით 13-ს გზა გადაუჭრეს.

კომენტარები