ალსუ კურმაშევა

რუსეთის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 5 თებერვლამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

რუსეთის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას წინასწარი პატიმრობა 5 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ჯერჯერობით არც მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღია ცნობილი.

რადიო თავისუფლება ევროპის (RFE/RL) პრეზიდენტი, ჯეფრი გედმინი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ალსუმ უკვე 45 დღე გაატარა საპატიმროში და დღეს, მისი წინასწარი პატიმრობის თებერვლამდე გახანგრძლივება უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.

"მოვუწოდებთ რუსეთის ხელმძღვანელობას, დაუყონებლივ მიეცეს ალსუს საკონსულო მომსახურებაზე წვდომა, რაც მისი, როგორც აშშ-ის მოქალაქის უფლებაა. ალსუ უნდა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს". – ვკითხულობთ RFE/RL-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

კურმაშევა 18 ოქტომბერს ყაზანში დააკავეს, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

კურმაშევას აქვს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა, იგი ამჟამად ჩეხეთში ცხოვრობს. როგორც რადიო თავისუფლება წერს, ის რუსეთში ოჯახური მიზეზების გამო მაისის შუა რიცხვებში ჩავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა კი ყაზანის აეროპორტში დააკავეს და ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. ამის შემდეგ კი, ყაზანის სასამართლომ დააჯარიმა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის კურმაშევას მეორე მოქალაქეობის შესახებ არ უცნობებია.  

რადიო თავისუფლება ასევე აღნიშნავს, რომ ალსუ კურმაშევა მრავალი წელია აშუქებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს რუსეთის ვოლგა-ურალის რეგიონში. მან გააშუქა თათრული ენისა და კულტურის დაცვისა და შენარჩუნების საკითხები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მზარდი ზეწოლის ფონზე.

2022 წლის ბოლოდან რუსეთში, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "უცხოურ აგენტებს" აეკრძალათ სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, კონტრაქტის საფუძველზე ჯარში მსახური და საარჩევნო კომისიების წევრობა.

ამჟამად რუსეთის რეესტრში რამდენიმე ასეული ე.წ. აგენტია შეყვანილი, მათ შორის, ფიზიკური პირები, მედიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.

ამასთან, 2017 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფალი ევროპის თათარ-ბაშკირული სამსახურის პროექტები - "Idel.Realii" და Azatlyk Radios - "უცხოურ აგენტებად" გამოაცხადა.

კომენტარები