დერეკ შოვინი

AP: ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელი ციხეში მძიმედ დაჭრეს

დერეკ შოვინი

ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი, რომელსაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არიზონას ფედერალურ ციხეში მძიმედ დაჭრეს. ინფორმაციას Associated Press-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

AP-ი ასევე წერს, რომ თავდასხმა მოხდა ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ტუსონის ციხეში, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები არსებობს და რომელიც პერსონალის ნაკლებობას განიცდის.

როგორც AP-ი აღნიშნავს, აშშ-ს ციხეების ბიურომ დაადასტურა, რომ ფლოიდს თავს პარასკევს, 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაესხნენ. ბიუროს ცნობით, ციხის თანამშრომლების ჩარევის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამავე ინფორმაციით, დაწესებულებაში, სადაც დაახლოებით 380 პატიმარია განთავსებული, ვიზიტები შეჩერებულია.

აქამდე, შოვინის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი კლიენტი არ უნდა მოთავსებულიყო საერთო საკანში, რადგან ის შესაძლოა ძალადობის "სამიზნე" გამხდარიყო.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს, დერეკ შოვინს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ოცდაორ-ნახევარი წელი პატიმრობა 2021 წლის ივნისში მიუსაჯა.

შოვინი დამნაშავედ 2021 წლის აპრილში ცნეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა გადასახადების დამალვისთვისაც

2020 წელს, მინეაპოლისში მას შემდეგ რაც ჯორჯ ფლოიდმა მაღაზიაში ყალბი კუპიურა გამოყენა და გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო დერეკ შოვინიც. შოვინი ფლოიდს დაკავების დროს ყელზე მუხლს აჭერდა, რის შედეგადაც მან სუნთქვა ვეღარ შეძლო და მოკვდა. 

შემთხვევას მთელი აშშ-ს ფარგლებში დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა და საერთაშორისო სახეც კი მიიღო. დემონსტრაციები ტარდებოდა ევროპის ქალაქებშიც. გააქტიურდა მოძრაობა Black Lives Matter (BLM). აშშ-ში საპროტესტო რამდენიმე შემთხვევაში რადიკალური სახეც კი მიიღო. 

კომენტარები