ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს

europarl.europa.eu

ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას კენჭს უყრიან. საკითხზე დებატები დღეს შედგება, 23 ნოემბერს კი კენჭისყრაა ჩანიშნული.

რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – "საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში" ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფმა მოამზადა. მისი ინიციატორი კი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგაა.

რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ "ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან".

ევროპარლამენტი სამძიმარს უცხადებს თამაზ გინტურის ოჯახს; კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას;

ხაზს უსვამს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა, ისევე როგორც ქართველი დევნილების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები, ასევე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ასევე, გმობს ამ რეგიონების უკანონო "ბორდერიზაციას"; მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას, უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას;

გამოხატავს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტისკენ;

ამასთან, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ და მართლმსაჯულებას გადაეცნენ გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.

ამავდროულად, ევროპარლამენტი საბჭოს მოუწოდებს, გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და დაუწესოს სანქციები ჩამოთვლილ ინდივიდუალურ პირებს.


6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს, გაათავისუფლეს.

კომენტარები