რუსეთი

რუსეთის შსს სიმონიანის მიერ ციმბირში ბირთვული აფეთქების იდეაში ექსტრემიზმს ვერ ხედავს

მარგარიტა სიმონიანი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ ხედავენ ექსტრემიზმის ნიშნებს სამთავრობო პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის სიტყვებში, რომლის მიხედვითაც "სადღაც ციმბირში" თერმობირთვული აფეთქების მოწყობა დასავლეთის საწინააღმდეგოდ კარგი იდეა იქნებოდა.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის შსს-ს წერილში, რომელიც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატ ევგენი სტუპინს საჩივრის პასუხად გაუგზავნეს.

"შემოწმების დროს არ გამოვლენილა "ექსტრემისტულ ქმედებებთან ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის შესაბამისად რეაგირების საფუძველი". – ნათქვამია რუსეთის შსს-ს პასუხში.

ოქტომბრის დასაწყისში მარგარიტა სიმონიანი ამბობდა, რომ დასავლეთის დასასჯელად რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ბირთვული იარაღის აფეთქება კარგი იდეაა, რადგან ეს, პროპაგანდისტის თქმით, მწყობრიდან გამოიყვანს ყველანაირ რადიოელექტრონიკასა და თანამგზავრებს.

"აი, ადამიანი, ინჟინერია, რადიოელექტრიკი, მეუბნება: იცი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ვიცოდით, თუ ასობით კილომეტრში, ჩვენსავე ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირში თერმობირთვულ აფეთქებას მოაწყობ... მაგალითისთვის... ბირთვულ აფეთქებას, მაშინ მიწაზე არაფერი მოხდება, არაფერი საშიში, არც ბირთვული ზამთარი, რომლისაც ყველას ეშინია, არც საშინელი რადიაცია, რომელიც ყველას მოკლავს და ვისაც ვერ მოკლავს 10 წელში ონკოლოგიური დაავადებისგან მოკვდებიან, ეს არაფერი მოხდებაო. რაც მოხდება, ეს იქნება ყველანაირი რადიოელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლა... ჩვენ დავბრუნდებით სადღაც 93 წელში, სადენიანი ტელეფონები... მე რომ მკითხოთ, გადასარევად ვცხოვრობდით, გამიხარდება კიდეც". – თქვა სიმონიანმა.

სიმონიანის სიტყვების გამო, მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატის, ევგენი სტუპინის დამხმარემ, ნიკოლაი კოროლიოვმა აქამდე თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, "გაეანალიზებინათ" სიმონიანის სიტყვები და მიეცათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში.

სიმონიანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მის სიტყვებს აჟიოტაჟი მოჰყვა და "ცილისწამებისთვის" საჩივარი შეიტანა მის წინააღმდეგ, ვინც პროპაგანდისტის სიტყვებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

კომენტარები