დიდი ბრიტანეთი

WSJ: ბრიტანეთმა რუსულ ოქროსა და ნავთობის სექტორთან კავშირში მყოფი 29 პირი დაასანქცირა

Shutterstock

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთში ოქროსა და ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ დამატებით 29 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ოქროს მრეწველობა ნავთობისა და გაზის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკის უმსხვილესი სექტორია, რომელმაც 2021 წელს რუსეთის ეკონომიკას 15.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, აღნიშნული შემოსავალი მნიშვნელოვნად ეხმარება რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში.

"დღევანდელი სანქციები დააზარალებს მათ, ვინც დაეხმარა პუტინს ჩვენს მიერ ოქროსა და ნავთობზე, როგორც რუსული ომის მანქანის შემოსავლის ორ მნიშვნელოვან წყაროზე, დაწესებული სანქციების შემსუბუქებაში" - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. 

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან რუსული ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანიები - Nord Gold და Highland Gold Mining. სანქცირებულთა შორის მოხვდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანია Paloma Precious DMCC-იც, რომელმაც, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკას 300 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. 

ბრიტანეთის სანქციები შეეხო ჟენევაში რეგისტრირებული კომპანიის შვილობილ კომპანიას - Paramount Energy & Commodities-ს, რომელიც, თავის მხრივ, დუბაიშია რეგისტრირებული. ბრიტანეთის მთავრობის თქმით, აღნიშნულ კომპანიას რუსეთი ნავთობთან დაკავშირებული სანქციების გავლენის შესამცირებლად იყენებდა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ გაერთიანებულმა სამეფომ 1 800 ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, მათ შორის 129 ოლიგარქია, რომელთა ჯამური ქონება 145 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

კომენტარები