კრიმინალი

საქართველოდან მაფიის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილის ექსტრადიცია მოხდა - პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, საქართველოდან მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილის იტალიაში ექსტრადიცია მოხდა. პირი იტალიის სამართალდამცავი ორგანოებისა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

"აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა.

იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიის რესპუბლიკაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ნდრანგეტა, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.

აღნიშნული პირი და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას". – წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები