თანხის თაღლითურად დაუფლება

პროკურატურა: ავეჯის კომპანია დემეს წარმომადგენელმა მოტყუებით 464 687 ლარი მიიღო

საქართველოს პროკურატურამ ავეჯის დამამზადებელი კომპანია დემეს წარმომადგენელს მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულებისგან მოტყუებით ჯამში 464 687 ლარი მიიღო და მიიმალა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია დემეს წარმომადგენელმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464 687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, კომპანიის წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა". - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის მიმართ ძებნაა გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები