NATO-რუსეთი

რუსეთის პასუხად NATO-ს წევრები ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებზე ხელშეკრულებას შეაჩერებენ

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს ქვეყნებმა დაგმეს მოსკოვის მიერ 7 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ ხელშეკრულებიდან ოფიციალურად გავიდა. საპასუხოდ ალიანსის წევრებმა თქვეს, რომ შეთანხმების მოქმედებას შეაჩერებენ.

"მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლაზე და უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიულ ომს, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს". - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის განცხადებაში. აქვე ვკითხულობთ, რომ ეს ნაბიჯი ერთ-ერთი უკანასკნელია მათ შორის, რომლებიც ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

"შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მათი უფლებების შესაბამისად, მოკავშირე სახელმწიფოები აპირებენ შეაჩერონ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება რამდენი ხნითაც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება სრულადაა მხარდაჭერილი NATO-ს ყველა მოკავშირის მიერ". - წერია განცხადებაში.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ შეერთებული შტატები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს 7 დეკემბრისთვის სრულად შეაჩერებს. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ და სხვა მოკავშირეები მაინც გააგრძელებენ კონვენციური შეიარაღების ეფექტურ კონტროლს.

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება გუშინ, 7 ნოემბერს ოფიციალურად დატოვა.

კომენტარები