საქართველო-რუსეთი

ბერაია: დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ბერაია გამოეხმაურა ტაბულას მიერ 27 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

"ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლებისა და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო ღონისძიებაზე, რომელიც იყო ორგანიზებული ჩინეთის მიერ.

მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი. ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რასაც თქვენ ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ ვიაროთ, სადაც რუსეთი იქნება წარმოდგენილი" - თქვა ირაკლი ბერაიამ. 

როგორც ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

კომენტარები