მიხეილ სააკაშვილი

ყველა რეგიონში ჩავალთ, მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გავუწევთ – სააკაშვილის ინიციატივა

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ახალი, ჰუმანიტარული პროექტი დააანონსა, რომლის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილია. ჯაფარიძის თქმით, 4 ნოემბრიდან ისინი ყველა რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

"დღე არ გაივლის, წერილი რომ არ მივიღო, თუ როგორი მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე დგას ქართველი ხალხი. თუ როგორ უჭირთ ექიმთან ვიზიტი და შესაბამისად, სრულფასოვანი მკურნალობის მიღება. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჰუმანიტარულ პროექტს ვიწყებთ, სადაც ძალიან ბევრი ექიმი ჩაერთო. მათ სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ისინი გვერდში გვიდგანან. შეძლებისდაგვარად, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავალთ და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გავუწევთ.

ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და მეუბნება, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ, ექიმთან კონსულტაციაზე მივიდნენ, თუ საკვები შეიძინონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ [...] ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და მე პირობას ვდებ, რომ აუცილებლად ყველგან ჩავალთ და ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით ვიქნებით [...] 4 ნოემბერს დავიწყებთ და დეტალებს, თუ საიდან დავიწყებთ, ყველაფერს გაგაგებინებთ". - თქვა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ჰუმანიტარული აქცია იქნება და ამას პოლიტიკურ დღის წესრიგთან არავითარი კავშირი არ აქვს.

კომენტარები