ტვერის ოლქში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა მოკლეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში "ტერორისტული თავდასხმის" მოწყობის მცდელობაში.
"ტვერის ოლქის ტერიტორიაზე აღვკვეთეთ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტის მომზადება რუსეთის მოქალაქის მონაწილეობით, რომელიც აკრძალული უკრაინული ნაციონალისტური ფორმირების წევრია". - ნათქვამია ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, სპეციალური მითითების საფუძველზე დაქირავებულ პირს ჰქონდა იარაღი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა "ტვერის სამხედრო კომისარიატის შენობაში აფეთქების მიზნით".
განცხადების თანახმად, ამის შემდეგ, ФСБ-ს თანამშრომლებმა სცადეს მისი დაკავება, მაგრამ "თავდამსხმელმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და მისი განეიტრალება გახდა საჭირო". სპეცსამსახურის ინფორმაციითვე, ФСБ-ს ოფიცრები და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან, ხოლო ოპერაციისას ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ხელყუმბარა.
ФСБ-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების მუხლითაა აღძრული. მათივე მტკიცებით, ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული " მატერიალური კომპენსაციის მიღების მიზნით სამხედრო ობიექტების, რეგიონის საწვავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოგროვებასა და გადაცემაშიცაა ეჭვმიტანილი".
უკრაინაში ომის დაწყებიდან 100-ზე მეტი თავდასხმა მოხდა რუსეთში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებზე. მათგან უმეტესობა უწყებების შენობებზე ცეცხლის წაკიდების მცდელობებს უკავშირდება. მიმდინარე წელს ამ ტიპის თავდასხმის მცდელობების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის ელექტრონული რეესტრის შემოღებასთან დაკავშირებული კანონები მიიღეს და სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობისთვის ჯარიმა გაიზარდა.
როგორც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის დაწვის მცდელობებს ტერორისტულ თავდასხმად და დივერსიად მიიჩნევს. სამეთვალყურეო სააგენტოს ცნობით კი, ცეცხლის წაკიდების მცდელობებს კოორდინაციას უკრაინის ტერიტორიიდან უწევენ.





