მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენის კონსილიუმი: სააკაშვილი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. კონსილიუმის წევრები კლინიკა ვივამედში 19 ოქტომბერს იმყოფებოდნენ. 

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა, ძირითადი სურათი: კუნთების ატროფია, ნეიროპათია და კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. ექიმების შეფასებით, სააკაშვილი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

"პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს. კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით - 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა. გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ. 

ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა. პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია". - წერია კონსილიუმის დასკვნაში.

კონსიულიუმის დასკვნით, სახეზეა საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება. ასევე, ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია.

ექიმების თქმით, სააკაშვილის ძილი გაუმჯობესებულია და ის კოშმარულ სიზმრებსაც აღარ აღნიშნავს. პაციენტის სიმპტომური მკურნალობა გრძელდება.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ და ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში კი მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლ ხურციძე და ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი, აიდა გოზალოვა.

კომენტარები