უკრაინა

უკრაინის იუსტიციის მინისტრი: ადრე ყველას ეშინოდა ოლიგარქებთან დაპირისპირება, ეს ასე აღარაა

"მოსალოდნელი შედეგების გამო ყველას ეშინოდა ოლიგარქებისთვის ბრალის წაყენება, მაგრამ ახლა ეს ასე აღარაა". – ამბობს უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა Reuters-თან ინტერვიუში. 

მალიუსკამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა და ქვეყანაში ცვალებადმა პოლიტიკურმა რეალობამ პროკურორებს ოლიგარქების სამართლებრივი დევნის ახალი ბიძგი მისცა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ინტერვიუში თქვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი 2021 წელს უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონია.

"დოკუმენტებზე, მოწმეებზე და საქმის მასალებზე წვდომა გამარტივდა, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის". – ამბობს მალიუსკა.

ერთი თვის წინ, უკრაინაში დააკავეს ოლიგარქი და ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერი, იგორ კოლომოისკი. ის 60 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მანამ, სანამ სახელმწიფო მის წინააღმდეგ თაღლითობისა და კრიმინალური აქტივების ლეგალიზაციის ბრალდებებს იძიებს.

მანამდე, მაისში, უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ძებნილი მილიარდერი დმიტრო ფირტაში შესაძლოა დამნაშავე იყოს საკუთარი კომპანიების გამოყენებით "მასშტაბური სქემის" მეშვეობით $485 მილიონის მოპარვაში უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემისგან.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი უკრაინამ მილიარდერის, ვადიმ ნოვონსკის, რომელსაც ბრალად ომში რუსეთის დახმარება ედება, $375 მილიონის ღირებულების ქონების კონფისკაცია მოახდინა. 

კომენტარები