საქართველო-ევროკავშირი

საგარეო: ბულგარეთის პარლამენტმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

როგორც უწყება აღნიშნავს, შესაბამისი დეკლარაცია ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სოფიაში ვიზიტის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დეკლარაცია დააინიცირა ორმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ხოლო მხარი კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ დაუჭირა.

"დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის.

ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით". - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბულგარეთი მზადაა, "საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მხარი დაუჭიროს". 

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები