რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სასტიკი და შეუსვენებელი ბრძოლა მიდის" – ავდიივკაზე რუსეთის იერიში გრძელდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების 2С5 Гиацинт-С-ი დონეცკის მიმართულებით
РИА/Евгений Биятов

ბოლო დღეებში ქალაქ ავდიივკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელების თავდაცვის პოზიციების გარღვევას ცდილობენ. აქტიურად გამოიყენება ჯავშანტექნიკა.

ავდიივკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვიტალი ბარაბაშმა ქალაქის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"მეოთხე დღეა ბრძოლა გრძელდება. სასტიკი და ნამდვილად შეუსვენებელი. მიდის ბრძოლები ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის გამოყენებით. ყველაფრიდან ისვრიან, რაც გააჩნიათ. აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.

ავდიივკაში ძალიან ცხელი ღამე გვქონდა. ქალაქზე რამდენიმე საჰაერო-სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. პოზიციებზე არც კი დაგვითვლია, ძალიან ბევრი იყო, ასობით დარტყმა პოზიციებზე. ათეულობით დარტყმა ერთ ღამეში თავად ქალაქზე. იერიში არ წყდება არც დღისით, არც ღამით. ტარაკანებივით მოძვრებიან, ძალიან ბევრნი არიან. 

გუშინ ძალიან ბევრი ჯავშანტექნიკა გამოიყენებოდა, მოდიოდნენ კოლონებით. ძალიან ბევრი აქვთ ტექნიკაც, სამხედროებიც, მოჰყავთ ახალბედები". – თქვა ბარაბაშმა.

ბარაბაშის თქმით, რუსი სამხედროები ავდიივკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. მისივე ცნობით, ამჟამად ოკუპანტები კონცენტრირებული არიან სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან იერიშების მიტანაზე. მისივე თქმით, გართულებულია ავდიივკის მომარაგება.

გასულ დღეებში გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ გადაადგილდებოდა რუსეთის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა ავდიივკის მიმართულებით.

კომენტარები