რუსეთი

აქტივისტი ოლეგ ორლოვი თანამედროვე რუსეთის ორუელის 1984-თან შედარებისთვის დააჯარიმეს

 REUTERS/Evgenia Novozhenina

ვეტერანი რუსი აქტივისტი, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის Memorial-ის წევრი ოლეგ ორლოვი თანამედროვე რუსეთის ჯორჯ ორუელის 1984-ის სამყაროსთან შედარებისთვის დააჯარიმეს. ორლოვს რუსეთის შეიარაღებული ჯარების დისკრედიტაციაში სდებენ ბრალს მას შემდეგ, რაც თქვა რომ რუსეთი ტოტალიტარულ რეჟიმად იქცა, რომელიც ჯორჯ ორუელის 1984-ს ჰგავს. 

ოლეგ ორლოვი 70 წლისაა და სასამართლოზე თავს თავად იცავდა. თავდაპირველად, ორლოვმა თანამედროვე რუსეთი ორუელის დისტოპიას 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში შეადარა. მისი თქმით, პუტინის რუსეთი თანდათან ფაშისტურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ორლოვმა ხმამაღლა გააჟღერა, რომ 1990-იან წლებში კომუნიზმის დამარცხების მიუხედავად რუსეთი ახალი ტოტალიტარიზმისკენ გადაიხარა. 

სასამართლოში ორლოვს მხარს უჭერდა 2021 წლის ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში დმიტრი მურატოვი. მურატოვის თქმით, როგორც დისიდენტმა ანდრეი სახაროვმა 1979 წლის ავღანეთში შეჭრით საბჭოთა კავშირის ნგრევა იწინასწარმეტყველა, ასევე ოლეგ ორლოვი უკრაინაში წამოწყებულ ომს რუსეთის თვით-განადგურების საწყისად მოიაზრებს.

"ჯერჯერობით ადამიანები სახელმწიფოს სიმართლეში ეჭვის შეტანის გამო არ ისჯებიან თუ ამ ეჭვს თავიანთ ბინაში ჩურჩულით აჟღერებენ. თუმცა, თუ ასეთ ეჭვს ვინმე მისი სახლის გარეთ გამოხატავს მას დაგმობა და დასჯა მოჰყვება" - თქვა ოლეგ ორლოვმა.

კომენტარები