რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ WTO-დან პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანა

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის რობერტ ტელუსის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა ტარას კაჩკამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი სარჩელის შეჩერების შესახებ შეატყობინა.

უკრაინამ 19 სექტემბერს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკომისიის რჩევას არ გაითვალისწინებდნენ და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააგრძელებდნენ.


სარჩელის შეტანამ უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გართულება გამოიწვია. 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ორივე ქვეყნის ლიდერის სიტყვით გამოსვლამ ხაზი გაუსვა პოლონეთი-უკრაინის ურთიერთობების გაუარესებას: “იმ კაცის გადარჩენა, რომელიც იხრჩობა, ძალიან საშიში საქმეა, მან შეიძლება, მაშველიც ფსკერზე ჩაიყოლოს. სწორედ ასეთია პოლონეთისა და უკრაინის დღევანდელი სიტუაცია. უკრაინას რუსეთი ესხმის თავს, ის, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ სიტუაციაშია და ეჭიდება ყველაფერს, ისევე, როგორც ფსკერისკენ მიმავალი კაცი" - განაცხადა ანდჟეი დუდამ, ხოლო ზელენსკის მწვავე გამოსვლას, რომელშიც მან თქვა: “საგანგაშოა იმის ნახვა, რომ ვიღაც-ვიღაცები ევროპაში, მათ შორის ჩვენი მეგობრები, პოლიტიკურ თეატრში სოლიდარობას თამაშობენ და მარცვლისგან თრილერს ქმნიან. შეიძლება, გეჩვენოთ, რომ ისინი თავიანთ როლს ასრულებენ, მაგრამ რეალურად სცენას ამზადებენ მოსკოველი მსახიობისთვის”, პოლონეთის საგარეო სამინისტროს მხრიდან უკრაინის ელჩის დაბარება მოჰყვა.

კომენტარები