საქართველო-რუსეთი

საქართველოს მიმართულებით საახალწლო არდადეგების ტურები აქტიურად იჯავშნება – რუსული მედია

georgicatravel.ge

რუსებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს, საქართველოს მიმართულებით ტურები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდეც კია დაჯავშნილი. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax Tourism-ი ტუროპერატორ FUN&SUN-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

"ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიული ტურები თბილისში. ახლა მოთხოვნა ექსკურსიის პროგრამებზე გადავიდა". - თქვა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ოლგა ივანოვამ.

მისივე თქმით, რუსეთში საქართველოს მიმართულებით "საახალწლო არდადეგების ტურები უკვე აქტიურად იჯავშნება".

გარდა ამისა, როგორც ივანოვამ აღნიშნა, დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს. მისივე ინფორმაციით, მოსკოვიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების დეფიციტი ჯერ არის, თუმცა, ბილეთების ნაკლებობის პრობლემა, შესაძლოა, საახალწლო თარიღებთან ახლო პერიოდში გაჩნდეს. 

აქამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ თბილისსა და ბათუმში რუსული ავიახაზების ახალი რეისების შესახებ განაცხადა. 14 ოქტომბრიდან Азимут-ი ფრენებს მინვოდი-თბილისი-მინვოდის, 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისი-სოჭის, ხოლო 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტით შეასრულებს. გარდა ამისა, ზამთრის სეზონზე (29 ოქტომბრიდან) ავიაკომპანია Red Wings-ი ფრენებს ჟუკოვსკიდან თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

ამასთან, Азимут-ი ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე უკვე ასრულებს, Red Wings-ი კი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით. რაც შეეხება, თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, ამ მარშრუტზე ფრენებს Georgian Airways-ი ასრულებს.

კომენტარები