სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

ბაჩიაშვილი: ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობისთვის პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას, მიიღო უარი

კადრი ვიდეოდან / პირველი არხი 

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ირინე იმერლიშვილის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თანხმობა ზურაბიშვილს როდესაც, იგი ყირიმის პლატფორმის სამიტზე ონლაინ ჩაერთო და დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ბაჩიაშვილმა უპასუხა, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 

"წლევანდელ ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტმა წერილობითი წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას. მას საფუძვლად დაუდო 52-ე მუხლი. საქართველოს მთავრობისგან მიიღო ოფიციალურად უარი. მაინც ჩაერთო ამ ღონისძიებაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რა საკვირველია, დაარღვია კონსტიტუცია". - თქვა ბაჩიაშვილმა.

ყირიმის პლატფორმა არის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2021 წელს ინიცირებული დიპლომატიური სამიტი, რომლის უპირველესი მიზანი ყირიმის დეოკუპაცია, მასზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა და იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 23 აგვისტოს, ყირიმის პლატფორმის სამიტზე ვიდეოფორმატში ჩაერთო. მიმართვისას მან თქვა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა, ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა. ამავე სამიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.


პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1-ელ სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

კომენტარები