სლოვაკეთი-უკრაინა

უკრაინაზე დიდი პრობლემებიც გვაქვს – სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი

რობერტ ფიცო, Smer-SD-ს ლიდერი
AP Photo/Darko Bandic

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიის, Smer-SD-ს ლიდერმა, რობერტ ფიცომ, კვლავ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას მკაცრად ემიჯნება.

“ხალხს სლოვაკეთში უკრაინაზე უფრო დიდი პრობლემებიც აქვს”. – თქვა მან.

მანვე დაამატა, რომ მზადაა, მყისიერად დაიწყოს სხვა პარტიებთან მოლაპარაკებები, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს.

“ჩვენ ვართ აქ, ჩვენ ვართ მზად, ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ და გავხდით უფრო გამოცდილები. გვაქვს მკაფიო იდეები და მკაფიო გეგმები. ვიცით, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ”. – თქვა მან.

ამასთან, რობერტ ფიცოს გამარჯვება მიულოცა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც, რომელიც ასევე პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა.

“ყოველთვის სასიამოვნოა პატრიოტთან ერთად მუშაობა”. – დაწერა ორბანმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს პოპულისტურმა მემარცხენე პარტია SMER-SSD-მ გაიმარჯვა

მიუხედავად იმისა, რომ ფიცოს პარტიას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა მეოთხედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი, გამომდინარე იქიდან, რომ სხვებთან შედარებით მისმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, SMER-SSD-ს შეეძლება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. 

რობერტ ფიცო გამოირჩევა პრორუსული და NATO-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

კომენტარები