მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე: გვსურს, სააკაშვილის გათავისუფლება იყოს ყველაზე დიდი ნაბიჯი დემოკრატიისკენ

ვუყურებთ თუ რა მდგომარეობაში არის დღეს ხელისუფლება და ვუყურებთ, რომ დღეს ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობიდანაც კი ახერხებს იყოს წინა ხაზზე ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში.

ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი აბსურდული ბრალდებით დააკავეს ის. სინამდვილეში ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნა. ბოლო დღეების ახალ ამბებს თუ გადავხედავთ, დღე არ გავა რომ ქართულმა ოცნებამ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ ხელისუფლებას ინტენსიურად მოუწოდებენ როგორც დასავლელი ლიდერები, ასევე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, რომ  ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაეყვანათ ის ან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ შედეგს ვხედავთ.

ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ ცივი უარი განუცხადეს უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მიხეილ სააკაშვილის 100 ათასობით მხარდამჭერს.

დღეს როდესაც ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, არ არის დაპირისპირების და აგრესიის დრო. ჩვენი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს.

თქვა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები