დაიენ ფაინშტაინი

აშშ-ის სენატის ვეტერანი წევრი, დაიენ ფაინშტაინი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

დაიენ ფაინშტაინი
BBC

კალიფორნიელი სენატორი, დაიენ ფაინშტაინი, რომელიც აშშ-ის სენატში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფაინშტაინი სენატის უხუცესი წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, მან 28 სექტემბერს აშშ-ის სენატში, ხმის მიცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ფაინშტაინის ოფისის განცხადებაში წერია, პოლიტიკოსი ვაშინგტონში, საკუთარ სახლში გვიან ღამით გარდაიცვალა.

"სენატორი ფაინშტაინი იყო ბუნების ძალა, რომელმაც წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა ჩვენ ქვეყანასა და თავის მშობლიურ შტატზე". - ნათქვამია ოფისის განცხადებაში.

დაიენ ფაინშტაინმა სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი სან ფრანცისკოს ოლქის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. გარდა ამისა, იგი სან ფრანცისკოს ისტორიაში პირველი ქალი მერი გახდა, 1992 წლიდან კი მას კალიფორნიის შტატის სენატორის პოსტი ეკავა.

ფაინშტაინის შემცვლელს სენატში კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი დანიშნავს.

კომენტარები