კოსტა რიკა

კოსტა რიკაში ქვეყნის გავლით აშშ-ში მიგრირების ტემპის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დევნილთა კარვები კოსტა რიკაში
Ezequiel Becerra/AFP/Getty Images/FILE

კოსტა რიკას პრეზიდენტმა, როდრიგო ჩავეს რობლესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზად კი კოსტა რიკას გავლით აშშ-ში მიგრაციის მზარდი ტემპი დაასახელა.

"ძირითადად, ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოდიან, კოსტა რიკას გავლით შეერთებულ შტატებში ჩასვლას ცდილობენ". - თქვა პრეზიდენტმა 26 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩავესის თქმით, ადამიანები, რომლებიც მისი ქვეყნის გავლით აშშ-ში შედიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან, მათ შორის, ვენესუელადან, ეკვადორიდან, ჩინეთიდან, კოლუმბიიდან, იემენიდან და ბანგლადეშიდან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აგვისტოს თვეში კოსტა რიკაში მისი სამხრეთ საზღვრის გავლით შესული ადამიანების რაოდენობა 84 490-ზე მეტია, რაც წინა თვის მონაცემებს 55%-ით აღემატება.

აგვისტოში კოსტა რიკასა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის მიგრაციისა და სხვა პრობლემური საკითხების განსახილველად შეხვედრა შედგა.

კოსტა რიკა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ე.წ უსაფრთხო მობილობის ოფისების გახსნას აპირებენ. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის გამყარებას ისახავს მიზნად. უსაფრთხო მობილობის ოფისებმა უცხო ქვეყნის მოსახლეობას აშშ-ში ლეგალურად მიგრაციის საშუალება უნდა მისცეს და ამერიკაში მოხვედრის მსურველთა მიერ სხვა ქვეყნის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები შეამციროს.

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, 28 აგვისტოს მდგომარეობით კოლუმბიაში, კოსტა რიკასა და გვატემალაში უსაფრთხო მობილობის 38 000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

კომენტარები