ენმ

მელია ენმ-ს დატოვებაზე: არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში ენმ-ში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. მელიას თქმით, პარტიაში ფუნდამენტური განსხვავებებია ბევრ საკითხთან მიმართებით, რამაც, მისი თქმით, გამოიწვია "ღრმა ჭრილობა, რომელიც შესაძლოა მოუშუშებელი აღმოჩნდეს". 

"ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში ან მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში. საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველაფერი გავაკეთებ მეც და ყველა ადამიანი.

თუ დავრწმუნდით, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას მე მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ მთელი რიგი საკითხების გარშემო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაში არაა და მას შემდეგ რაც მოხდა". – ამბობს მელია. 

მელიამ დაამატა, რომ 7 ოქტომბერს თბილისში ერთმანეთს თანამოაზრეები შეხვდებიან მთელი საქართველოდან და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. 

"ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის ერთმანეთისგან დაშორებული. მე არ ვაპირებ, რომ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში.

როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს. შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის კაპიტალიზირება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი 8 თვე. თუმცა ვატყობ, რომ [პარტიაში] კრიზისი არათუ ნელდება, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება". – თქვა მელიამ.

 

კომენტარები