რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, NATO-სთან პირდაპირი კონფლიქტის გარდა

დმიტრი მედვედევი 2022 წლის 9 მაისის აღლუმზე.
REUTERS/Maxim Shemetov

ბოლოდროინდელ მოვლენებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამზე ეხმაურება და NATO-სთან ომით იმუქრება.

"1. საკუთარ პარლამენტში, პრემიერი ტრუდოს მეთაურობით, კანადელების დაძმობილება ნაცისტებთან.

2. აბრამსის ტანკების NATO-ს არსენალიდან მიწოდება.

3. Army Tactical Missile System-ის შორი მანძილის რაკეტების კიევის ხელისუფლებისთვის გადაცემის დაპირება.

როგორც ჩანს, რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, გარდა ხმელეთზე პირდაპირი კონფლიქტის NATO-სთან, რომელიც ჰიტლერის ღერძის მსგავს ღიად ფაშისტურ ბლოკად იქცა, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონედ. ჩვენ მზად ვართ, თუმცა შედეგი მიღწეული იქნება კაცობრიობისთვის ბევრად დიდი ფასის სანაცვლოდ, ვიდრე ეს 1945 წელს იყო". – წერს მედვედევი.

აქამდე, კანადის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს შეხვედრაზე კანადის მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა 98 წლის იაროსლავ ჰუნკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა. მას კანადის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ გმირი უწოდა, რის გამოც შემდეგ ბოდიში მოიხადა. მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა როტამ აიღო. 98 წლის კაცის ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული არც კანადის პრემიერი და არც უკრაინის დელეგაცია არ ყოფილა.

ამას გარდა, გასულ დღეებში მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ უკრაინას ATACMS-ის რაკეტებს გადასცემს. ასევე, ცნობილია, რომ Abrams-ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.

კომენტარები