რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს ბელგოროდის ოლქის თავზე 7 უკრაინული დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით ჩამოაგდეს.
ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ავტომობილი.
ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რამდენიმესაათიანი შუალედების განმავლობაში მათ კურსკის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
პარალელურად, ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ ჰსთ-ს მეშვეობით მოიგერიეს უკრაინელების სარაკეტო იერიში. მისი თქმით, რაკეტა ბელბეკის აეროდრომის მახლობლად ჩამოაგდეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სევასტოპოლთან სარაკეტო დარტყმის მოგერიებაზე ცნობა არ გაუვრცელებია.
განგაშის გამოცხადების დროს სევასტოპოლში შეჩერებული იყო საჯარო ტრანსპორტის მუშაობა, ყირიმის ხიდზე კი საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა. საჰაერო განგაში 1 საათში გამორთეს. უკრაინული ტელეგრამ-არხები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ აფეთქებების ხმები ჯანკოის რაიონიდან მოდიოდა. ამას გარდა, გავრცელდა ცნობა, რომ ყირიმის აეროდრომებიდან თითქმის ყველა თვითმფრინავი აფრინდა, რადგან დარტყმის სამიზნეები არ გამხდარიყვნენ